ეპიზოდი 11 – სიყვარული ვერტიკალურია და თან ბრუნვადი!

london-love-favim-com-652750
ადამიანებს სამი რამის მიხედვით ვაფასებ – რას ჭამს, რა ღვინოს სვამს და როგორი ადამიანი უყვარს. ქოთქოთა ადამიანებს აუცილებლად უყვართ ცხარე საჭმელი, შავგვრემანი ბიჭები და შავი ღვინო. დეპრესიული ადამანიები ყოველთვის ტოვებენ ფინჯანში რძიან ყავას და თეფშზე კექსის ნაჭერს, ხოლო მათ ბიჭებს ჟელეთი დავარცხნილი თმა აქვთ. ადამიანები, რომლებიც ზედმეტად შეყვარებულები არიან თეფშზე სხვადასხვა ფიგურებს ხატავეს შოკოლადის მინანქრით და ხილის წვენს სვამენ. ხოლო ჩემი მეგობრები შთანთქავენ ყველაფერს რაც გემრიელად გამოიყურება, ცხარეა და სვამენ ყველაფერს, რაც ალკოჰოლს შეიცავს, მდუდმივად დიეტაზე არიან, მაგრამ ორშაბათიდან. მათ დღის სხვადასხვა მონაკვეთში სხვადასხვანაირი ბიჭები მოსწონთ, თუმცა მუდმივად იმ ერთის ერთგულნი რჩებიან, ვინც სტუდენტობის პირველ კურსზე შეუყვარდათ, ვისაც პირველად აკოცეს ან ვინც ყველასგან მალულად უყვარდათ ბევრი წლის მანძილზე.
ნაკა იმ გოგოების კატეგორიას მიეკუთვნება უნივერსიტეტის პირველი კურსიდან მოყოლებული ერთ ბიჭს რომ ვერ გასცდა. ნაკას ყოველი მესამე შეყვარებული ერთი და იგივე ბიჭია. ნაკას უსაშველოდ გრძელი მესიჯების წერა უყვარს, თან იმდენად გრძელი რომ მერე თვითონვე ეზარება წაკითხვა. სხვადასხვა მიზეზის გამო შორდება და ზუსტად იგივე მიზეზის არქონის გამო ურიგდება სტუდენტობის სიყვარულს. მცდელობა და ძალისხმევა არცერთ მეგობარს დაგვიკლია რომ სტაბილური არჩევანი გაეკეთებინა, მაგრამ არასტაბილური ადამიანები სტაბილური არჩევანი ორი სხვადასხვა ცნებაა. ერთადერთი რისიც ნაკა სამი წლის მანძილზე დარჩა ერთგული და სტაბილური მისი 300 ლარად ღირებული ფეხსაცმელია, რომელიც არც ცვდებოდა და მისი გრძნობისაგან განსხვავებით არც იერს კარგავდა. ჰოდა ბევრი ვიფიქრე რა არის ნაკას ასეთი არასტაბილურობის მიზეზი და მივხვდი, რომ მის ტვინს ის ჰორმონი აკლია, რომელსაც ხახვის ნაკლებობა იწვევს და რომელსაც ნაკა დაბლენდერებულსაც კი არჩევს წვნინი კერძებიდანაც კი.
ნენე მუდმივად შეყვარებული გოგოების კატეგორიაში შედის. რომ ვკითხე ამ და ამის წინა ურთიერთობას შორის რამდენხნიანი პაუზა გქონდა-მეთქი, ორ თვიანიო ისე მიპასუხა გეგონება ჩემ ნაცვლად მას აქვს ორწლიანი ჩავარდნა სიყვარულში.  ნენე გოგოა წაბლისფერი თმით, რომელსაც შეუძლია ტყემლის ხათრით 6 ცალი შემწვარი კვერცხი ჭამოს, ძირითადად ფასტ ფუდებით იკვებებოდეს და მაინც ახერხებდეს იყოს გამხდარი, რის ნიადაგზეც მუდმივად წუწუნებდეს როგორ გასუქდა. ნენე გოგოა განსაკუთრებული სიცილითა და ამ სიცილით კაცების მოხიბვლის უნარით. ნენეს ცხოვრების კრედოა – წესები იმისათვის არსებობს, რომ დავარღვიოთ. მოკლედ, მიბაძეთ ნენეს, ოღონდ მცირე დოზით.
ელენე ყოველი ორშაბათიდან დიეტაზეა. განსაკუთრებით უყვარს ტკბილეული და შეჭმული შოკოლადების ქაღალდებს სხვის თეფშებზე ალაგებს, რომ ნაკლებად მოგვხვდეს თვალში რა რაოდენობის ტკბილეული შთანთქა ბოლო ერთი საათის განმავლობაში. ელენე მუდმივად დაღლილი ადამიანია, რის გამოც მეგობრების მობილურში მისი ნომერი გვიწერია სახელით, „არ შემიძლია“. რატომ არ მოდის გოგოების შეკრებაზე, რატომ არ წავიდა სალონში და ზოგადად ყველა შეკითხვაზე, რომელიც იწყება სიტყვით –  რატომ? პასუხი არის „არ შემიძლია“. თუმცა რაც მას ყველაზე კარგად შეუძლია დღესასწაულებზე ჩვენი მასპინძლობაა. ნაკასგან განსხვავებით ელენე საოცარი კულინარი და რეცეპტების აღმოჩენის ოსტატია, რაც უნდა ვაღიარო, ჩემი დამსახურებაც არის. ელენეს სამზარეულო ყველაზე მისტიური სამზარეულოა მათ შორის რაც ოდესმე მინახავს. თბილი განათებით და რადიომიმღებით, რომელშიც მუდმივად ისმის ბლუზისა და ჯაზის საოცარი მელოდები, ის ერთ-ერთი მიზეზია რის გამოც ამ სამზარეულოში უამრავი საათი გვაქვს გატარებული გოგოებს.
მოკლედ, ამ გოგოების გარემოცვაში მიწევს ჩემი დროს უმეტესი ნაწილის გატარება და მათგან რჩევების მიღება რატიზე და დათიზე, რასაც ბოლო პერიოდში ბენიც დაემატა. მას შემდეგ რაც გავიგე, რომ რატომ ცოლი მოიყვანა და სამუდამოდ გავუშვი ჩემი ცხოვრებიდან, გადავწყვიტე ბენი საჭირო დროს გამოჩენილი საჭირო ადამიანი იყო და მის შეთავაზებაზე დავიწყე ფიქრი.
მეილი, რომელიც ბენმა გამომიგზავნა ერთი თვის განმავლობაში არ გამიხსნია და აი, როგორც იქნა გავბედე და სახტად დავრჩი. ტექსტი ასე იწყებოდა – „ვინ თქვა რომ ფრენა არ შეგვიძლია?!“ მიმაგრებულ ფაილებში იყო ორი ბილეთი ლონდონის მიმართულებით, საშობაოდ. აი, ასე გამოვტოვეთ ყველა ეტაპი და პირდაპირ ლონდონში ამოვყავი თავი, ჯერ-ჯერობით თეორიულად. არ ვიცოდი რა მექნა, რა მეთქვა და ზოგადად არაფერი ვიცოდი. ამიტომ სასწრაფო წესით ნენეს დავურეკე და მარკეტში ვთხოვე გაყოლა. თან საყიდლები, თან ჭორაობა.
შამპუნების რიგში ვიდექით ნენეს ბენის მეილი რომ ვანახე. იმხელა იკივლა ვიღაცას ქათმის სალათით სავსე კონტეინერი გაუვარდა ხელიდან. ეპილაციაზე ჩაგწერ, ახალი თეთრეული იყიდე და წადი. რად უნდა მაგას ფიქრი, მომაძახა და დაცვის ბიჭს, რომელიც ჩვენი საუბრის უნიბლიე მოწმე გახდა თვალი ჩაუკრა.
საღამოს სამსახურიდან მოსული დამშეული ნენე და ნაკა ჩუმად ჭამდნენ შემწვარ კვერცხს და ხან ერთმანეთს შეხედავდნენ, ხან მე. ამ დროს მე ჩუმად ვიჯექი და ბენის მეილი მქონდა გახსნილი, რომელზეც დღეს აუცილებლად უნდა მეპასუხა.

დატოვე კომენტარი