ეპიზოდი 10 – „უარი არ მიიღება!“

spanish-omelette„საღამოს ჩაის სახლში ვიკრიბებით, კრეპებისა და ჟოლოს ჩაის გარეშე გემრიელად ჭორაობა არ გამოდის“ – დაწერა ნინიმ ვაიბერის ჯგუფში, რომელსაც ჩვენდა დასაცინად „კდემამოსილი ქალები“ ჰქვია.
გავიგე, მაგრამ დილის რვა საათზე რა დროს კრეპი და ჩაია? აშკარად რაღაც ხდება, თან ნამდვილად სასწრაფო და მნიშვნელოვანი. ბალიშიდან ძლივს ავწიე თავი, ისეთი ამინდია ჭაჭა და ხინკალი რომ მოუხდება, მაგრამ სანამ ნინი ამერიკაში წავა ვცდილობთ მის ხუშტურებზე ვიაროთ. ხომ გაგიგიათ – ჩათრევას ჩაყოლა სჯობს.
წინა კვირას ზუსტად ოცდა იმდენიღაცა წლის გავხდი, რამდენიც საკმარის საბაბს მაძლევს, რომ სოციალურ ქსელებში მხოლოდ დაბადების თვე და რიცხვი მივუთითო. ჰოდა, ამ დაბადების დღეზე ისეთი საჩუქარი მივიღე მთელი ჩემი შეგნებული კულინარიული ცხოვრება რომ ვოცნებობდი. წინა პოსტებში ვწერდი ფრანგული სამზარეულოსადმი ჩემი დამოკიდებულების შესახებ და ახლა მაგიდაზე ამერიკელი კულინარის და ტელეწამყვანის, ჯულია ჩაილდის წიგნი მიდევს  – ფრანგული სამზარეულოს ხელოვნება. ამ საოცარ ქალზე და მის ცხოვრებაზე შესანიშნავი ფილმი – Julie and Julia გადაიღეს, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ, მითუმეტეს, რომ მთავარი გმირის როლს თვით მერილს სტრიპი თამაშობს. ამიტომ ზუსტად ვხვდები რამხელა პასუხისმგებლობა ავიღე საკუთარ თავზე და ამისთვის კარგადაც უნდა მოვემზადო. ამიტომ გადავწყვიტე კულინარიის აკადემიაში დავიწყო სწავლა. მოკლედ, დიდი გეგმები და გეგმებზე უფრო დიდი მოლოდინები მაქვს საკუთარი თავისაგან.
ჩაის სახლში რომ მივედი გოგოები ისეთი სახით დამხვდნენ მივხვდი, საქმე მე მეხებოდა. სანამ მენიუში კრეპს ვარჩევდი ნინი ისე ცქმუტავდა, მეგონა პრინცმა ჰარიმ სთხოვა ცოლობა. მენიუდან თავი ამოვყავი და სანამ წყობიდან გამოვიდოდი მშვიდი სახით ვთქვი  – ამოღერღეთ.
  • რატიმ ცოლი მოიყვანა, აცანცარდა ნინი.
  • მერე მე რა ვქნა?
მეგონა იცოდი, ნახავდი, გაიგებდი ან რამე, მაგრამ არაუშავს, შენ არ იდარდო. ხომ იცი შენ გვერდით ვართ, თქვი რომ ნერვიულობ და სულ ერთი არ არის. ყველას გადაგვიტანია და შენც გადაიტან. თან ნახე სულაც არ არის ლამაზი გოგო – ყველა ერთად მამშვიდებდა და Facebook-ზე რატის ძალიან ლამაზი ცოლის ფოტოებს მიტრიალებდნენ ცხვირწინ. ნახე რა დაგრეხილი ფეხები და დიდი ცხვირი აქვს – არცერთი ჩერდებოდა.
ჰო, ჩემი უდაბნოც გადაიქცევა ოაზისად და ჩემ ქუჩაზეც მოვა გაზაფხული, ანიც ვიქნები და ჰოეც, ინიც და იანიც, ოღონდ შემეშვით და მაცადეთ კრეპის ჭამა. ისეთი სახეებით მიყურებდნენ, თითქოს არაბი შეიხის ოცდამეშვიდე ცოლი ვიყავი, რომელიც 15 წელია შეიხის ვიზიტს ელოდება საძინებელში.
რატის ამბავი არ გამხარებია, არც მწყენია, უბრალოდ გავბრაზდი. ძალიან გავბრაზი იმაზე, რომ ყველაფერი ასე იყო, უზაროდ და უმიზნოდ, დაუმთავრებლად და აუხსნელად, მაგრამ ადამიანები უნდა დავტოვოთ იმ ადგილას, სადაც ისინი კომფორტულად არიან. დავტოვოთ იმ ტალღაზე, რომელიც ყველაზე ტკბილად ისმინება. თუ ყველა მოგონება გავიყოლეთ და მთელი ცხოვრება ჩვენთან ერთად ვატარეთ, გაბრაზება არ გაივლის. ჰოდა, რატიც დავტოვე იმ ტალღაზე, რომელიც ტკბილად ისმინება. ვცდილობ აღარ ვიყო გაბრაზებული და მგონი გამომდის. წინა პოსტში დაანონსებული „გამოჯანმრთელების პროცესი“ წარმატებით, თუმცა შეცვლილი სცენარით მიმდინარეობს.
ჩვენ, მარტომყოფი ადამიანები თავს ბედნიერებად ვაჩვენებთ სხვებსაც და საკუთარ თავსაც, თან დიდი წარმატებით. ამისადა მიუხედავად მუდმივად ახალი  ურთიერთობების ძიებაში ვართ, რომლებიც ძირითადად ზედმეტად ხანმოკლე აღმოჩნდება ხოლმე. ასეთი ხანმოკლე ურთიერთობების ექსპერტი თიკაა. დილაადრიან ნახევრად მძინარეს დამირეკა და ქოთქოთით მიყვება – გოგო, გიგამ დამირეკა და შარდენზე დამპატიჟა, მაგრამ თან თემუკას შევპირდი შოფინგზე გაყოლას. არ ვიცი როგორ მოვიქცე, გიგა კი მესიმპათიურება, მაგრამ აი, ზუკა მაინც სხვა დონეა რა, ბოლო მოდელის BMW-თი დადის კი იცი, ან რა ზმანზეა, არც საჩუქრების შერჩევა ეშლება. ჰოდა, მირჩიე რამე, გიგა გადავაგდო, თემუკა თუ ზუკა? პასუხის გაცემაც არ დამაცადა ისე გააგრძელა –  უი, ჰო იმ დღეს სამსახურში ვარდები გამომიგზავნა აი, იმან ნინჩოს დაბადების დღეზე რომ გავიცანი კოტეს ძმაკაცი. აუ, შენ პროსტა არ იცი როგორ გამიფანატა. ტიპი, ჩვეულებრივად შეყვარებულია ჩემზე. იმ დღეს ახალი აიფონებს ფოტოებს მიგზავნიდა, რომელი მოგწონსო. პროსტა, ზაზუშას რომ არ ჰქონდეს უკვე გამოწერილი კი ვაყიდინებდი მაგ გოიმს. თიკას ერთი კითხვით თუ გავაჩუმებდი, ამიტომ ჩემი კოზირი მოვიმარჯვე და შუა თვითგაფანატებაში ვკითხე,
– თიკა, გურამიკო როგორ არის?
გურამიკო თიკას ყოფილი ქმარია. თითქმის ათი წელია რაც დაშორდნენ და მაინც ვერ ეხსნებიან ერთმანეთს. ხან რაფაელოებით აადგება გურამიკო და ხან დედის ტრაკის გინებით, მაგრამ როგორც ჩვენი საერთო მეგობარი გიგი იტყოდა, „ეგეთი მარტო ტრისტანისა და იზოლდას სიყვარული ვიცი მე, ძმაო“. ჰოდა, გურამიკოს ხსენებაზე გამიშვი-გამატარე და მე ცუდი ვარ და არ გიმსახურებ ცხრა წელი გვახსენდება მთელ სამეგობროსა და მათ შორის თიკასაც. მერე თიკა ისეთი ნარნარი და ნაზი ხდება, დუმდება და ყველა ვისვენებთ თხუთმეტი წუთი მაინც.
თიკას ამბებში ბენის ამბების მოყოლა გამომრჩა. ვიცი, ყველაფერი გაინტერესებთ, მათ შორის წვრილმანი დეტალებიც, თან თქვენი აზრიც მჭირდება, როგორ მოვიქცე. მოკლედ, საუზმედ ესპანური ომლეტი მოვამზადე. თხლად დაჭრილი კარტოფილის ნაჭრები და მწვანე ხახვი კარაქში შევწვი, მარილსა და შავ წიწაკაში ათქვეფილი კვერცხი გადავასხი, შიგადაშიგ ლორის ნაჭრები და პომიდორი „ჩერიც“ დავუმატე და  დაბალ ცეცხლზე ბოლომდე გამოვაცხე. მარტივი და გემრიელია. ღმერთმა დალოცოს ესპანელები! ომლეტიანი თეფში მაგიდაზე დავდე, სკამზე ცალი ფეხი მოვიკეცე და მეილი გავხსენი. ორი მიმაგრებული ფაილი დამხვდა ტექსტის გარეშე. მხოლოდ Subject ეწერა – „უარი არ მიიღება“.
ვინ თქვა, რომ ფრენა არ შეგვიძლია? მთავარია ფრთები გავშალოთ და წონოსწორობა შევინარჩუნოთ!

დატოვე კომენტარი