ეპიზოდი 9 – სიყვარული ყველას უნდა ?!

dsc_0591
ზოგი ცხოვრებას ისე მიჰყვება, როგორც თეატრში აყოლილ სხვის ტაშს. ზოგი სხვებს კარნახობს სად და რა დოზით არის აპლოდისმენტები საჭირო. თუ თქვენ თეატრში მეორედ წასვლის სურვილი გაგიჩნდათ, არ აქვს მნიშვნელობა რომელ კატეგორიას მიეკუთვნებით.
ამერიკელებს ერთი კარგი ფრაზა აქვთ – Half of my life, რასაც ქართულად მეორე ნახევარს ვეძახით, მაგრამ სიტყვა – Life საერთოდ გამქრალია ამ თარგმანში. მარტოდმყოფი ადამიანი დაუმთავრებელი წიგნივითაა. ასეთ წიგნებზე ვერასოდეს იტყვი, რომ წაკითხული გაქვს. მუდმივად საწოლის გვერდით გიდევს იმ იმედით, რომ აი, დღეს თუა არა ხვალ გააგრძელებ კითხვას. მუდმივად დანაშაულისა და დანაკლისის შეგრძნება გაქვს, სანამ ბოლო ფურცლამდე არ წაიკითხავ და არ იგრძნობ ფინალის ემოციით მიღებულ სიამოვნებას. ამიტომ, მოდით შევთანხმდეთ, რომ ცხოვრება მეორე ნახევრის გარეშე ვერ შედგება.
ადამიანები, რომლებიც მარტო ვცხოვრობთ ნახევარფაბრიკატებით ვიკვებებით. გაიხსენეთ რამდენი კილომეტრი სოსისი და ძეხვი გაქვთ ნაჭამი ბოლო 1 წლის მანძილზე. შეიხედეთ და შეამოწმეთ რამდენი თვის წინ გაუვიდა ვადა მაცივარში შენახულ კვერცხს. მერამდენედ ჰპირდებით საკუთარ თავს, რომ „წესიერი“ საჭმლის ჭამას დაიწყებთ, მაგრამ მაინც ბურგერებისა და ხაჭაპურის ნამცეცებითაა ჩვენი სამზარეულო სავსე. დროა გამოჯანსაღება დავიწყოთ.
ჩემ ცხოვრებაში რატის გაქრობამ და განსაკუთრებით ამის ფონზე ბენის გამოჩენამ მაიძულა ხუთი თვის ვადაგასული კვერცხი მაცივრიდან გამომეღო და ნაგვის ურნაში მომესროლა. დავფიქრდი და მივხვდი, რომ კულინარიისადმი ჩემი ფანატური სიყვარულის მიუხედავად მხოლოდ მაშინ ვამზადებ თუ ამას სხვებისთვის ვაკეთებ. ცარიელ დღეებში მეც თქვენსავით გარეთ ან გარედან მოტანილი მზა საჭმლით ვიკვებები. არადა, ისეთ გემრიელ ბორშს ვაკეთებ, თითებს ჩაიკვნეტთ. ამიტომ ადამიანებს მუდმივად გვჭირდება ობიექტი ვისზეც ვიზრუნებთ და ვინც ჩვენზე იზრუნებს.
ამასწინათ გოგოები ვისხედით და თქვენ წარმოიდგინეთ სულაც არ ვჭორაობდით არც ბიჭებზე და არც მოდაზე. სასაუბრო თემა კულინარია იყო. ჰოდა, გოგოებს შევპირდი ახლო მომავალში ბორშს გაგიკეთებთ-მეთქი. თბილისში შუა შემოდგომა, როგორც წესი, ხშირად ჰგავს ხოლმე ზამთრის დღეებს, რომელსაც ბორში ისე უხდება, როგორც ნინის ლურჯი არმანის კაბა, პურს ქარაქი და ბენს კუბოკრული პერანგი.
ვაიბერში გოგოებს პატარა ჯგუფი გვაქვს ივენთების დასაგეგმად და გადაუდებელი ისტორიების მოსაყოლად. ფაქტიურად პატარაა სექტაა თავისი ატრიბუტიკით. არ გირჩევთ შიგნით შეიხედოთ, მითუმეტეს წაიკითხოთ და ფოტოები დაათვალიეროთ. ამ ჯგუფში იგეგმება ყველა ჩვენი შეხვედრა, მათ შორის „ბორში ფართიც“ აქ დავგეგმეთ. რადგან ორშაბათი მძიმე დღედ მიიჩნევა და თუ საღამოს სტრესის მოსახსნელადაც არავინ გყავს, რომ ზურგის მასაჟი გაგიკეთოს აუცილებლად მეგობრებთან უნდა წახვიდე ბორშის საჭმელად.  ჰოდა, ჩემმა მეგობრებმაც ასე გადაწყვიტეს და ორშაბათი საღამოც დაიგეგმა.
ახალი ბოსტნეული და ახალი ხორცი აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ ბორში უნაკლო გამოვიდეს. ამიტომ საჭირო პროდუქტების სია ჩამოვწერე. მარკეტის შესასვლელთან ბენი შემხვდა, რომელსაც ორი კვირაა ვემალები. მიზეზი არ მკითხოთ, რატის მერე თქვენც ასე მოიქცეოდით.
სანამ ბენი ბორშისთვის ძროხის ხორცს მირჩევდა მე ბოსტნეულის რიგებში დავქროდი. კომბოსტო, ჭარხალი, ხახვი, სტაფილო და მწვანილები  ურიკაში ჩავყარე და ბორშის განუყოფელი ატრიბუტი, არაყიც შევარჩიე მეტად სიმპათიური კონსულტანტის დიდი გარჯის შედეგად, რომელიც ბოლოს უკვე აღარ მიღიმოდა.
სკოლა ახალი დამთავრებული მქონდა საუკეთესო მეგობარი რომ გამითხოვდა. ჰოდა, ერთ დილას 8 საათზე მირეკავს და მეკითხება –  გოგო, ბორში როგორ კეთდება? მას მერე იმდენჯერ და იმდენს ვასწავლე ბორშის მომზადება ერთხელ და სამუდამოდ საჯაროდ დავწერ, რომ მსგავსი კითხვით აღარავინ მომმართოს.
საშუალოდ ზომის ნაჭრებად დაჭრილი ხორცის მჭლე ნაჭრები და ხახვი დაბალ ცეცხლზე მოვთუშე. ხორცს ოდნავ აკლდა მომზადება კარტოფილი და კომბოსტო რომ დავამატე.  ამასობაში დახეხილი ჭარხალი და სტაფილო ხახვთან და ბულგარულ წიწაკასთან ერთად მოვშუშე და ტომატის სოუსი მოვასხი. როდესაც ყველაფერი მომზადდა ერთმანეთში გადავურიე და ადუღებული, ცხელი წყალი დავამატე. ბოლო აკორდებად, წვრილად დაჭრილი ქინძი, წითელი ცხარე წიწაკა, მარილი  და ბორში მზადაა. ისეთი წითელი და ცხარე, მადისაღმძვრელი და ვნებიანია რომ ვტკბები ჩემი შედევრით.
შემოდგომის იმ საღამოებს ზამთარს რომ ჰგავს ზუსტად ასეთი საჭმელები უხდება, წვნიანი და ცხარე. ყველაფერი მოშუშული, ხრაშუნა და გემრიელი.
ცხარე წვნიანმა და წიწაკის არაყმა გოგოები ისეთ მხიარულ განწყობაზე დააყენა ნამდვილად ღირდა ამისთვის მთელი საღამო ქურასთან დგომა. თან ნინი ამერიკაში მიდის და ვცდილობთ ასეთი საღამოები გავიხანგრძლოვოთ. იქ ვინ გაუკეთებს, იმ საცოდავს, წვნიანებს და ტკბილებს. ამოხდება სული ბურგერებისა და დონატების ჭამაში, რის ნიადაგზეც არმანის ლურჯი კაბ აც აღარ ჩაეტევა და რა აიტანს მერე მაგის წუწუნს ვაიბერში. ყოველ საღამოს  კამერის წინტრიალს და გოდებას იმაზე, თუ როგორ მოიმატა ორი კილო და კანში ვეღარ ეტევა. მაგრამ ნინი ამის გარეშე აქაც წარმოუდგენელია და მანჰეტენის ფონზე მითუმეტეს.
გოგოები სახლში აღარ გამიშვია, განსაკუთრებით მას მერე, რაც ერთხელ ტაქსის კომპანიიდან დამირეკეს და მთხოვეს მთვრალი მგავზრისთვის მიმეკითხა, რომელიც ჩემი მისამართიდან წაიყვანეს და რომელიც ბოლო ხმაზე მღეროდა „ულიტაიწე ვორანის“ და ცოცხალი თავით არ გადადიოდა ტაქსიდან.
მიყვარს და საჭიროცაა ასეთი გოგოური საღამოები. ისინი გვახსენებენ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ზუსტად ასეთები – ნამდვილები ვუყვარვართ.
შუაღამე იყო სახლის დალაგებას რომ მოვრჩი. გოგოებს უკვე ეძინათ და მეც ძლივს ვიდექი ფეხზე. სამზარეულოში რადიოს ავუწიე, ჟოლოს ჩაი დავისხი და ფეისბუქი გავხსნენი. ბენს მოუწერია – ზედმეტად ხანგრძლივი იძულებითი შინაპატიმრობისა და მარტო გატარებული კვირების შემდეგ ასეთ შემოთავაზებას იმსახურებ…

2 thoughts on “ეპიზოდი 9 – სიყვარული ყველას უნდა ?!

დატოვე კომენტარი