ეპიზოდი 8 – დაამტკიცე, რომ პინგვინი ფრინველია

chicken
ერთხელ მითხრეს – ერთ მდინარეში ორჯერ არ შედიანო. ჰოდა, რატისთან ურთიერთობის ახლიდან დაწყება ზუსტად ერთ მდინარეში მეორედ შესვლას ჰგავს. იცი, რომ თუ ფეხზე ფსკერს არ იგრძნობ შეიძლება დაიხრჩო, განსაკუთრებით მაშინ თუ ცურვა არ იცი. ჰოდა, ცურვის ცოდნით არასოდეს გამოვირჩეოდი. ასე რომ, რატისთან დაანონსებული შერიგება გაუქმდა.
ცხოვრების რაღაც ეტაპზე საჭიროა მივხვდეთ, რომ გავიზარდეთ და მხოლოდ ის სისულელეები უნდა ჩავიდინოთ, რომელიც თუნდაც ხანმოკლე, მაგრამ ბედნიერებას მოგვიტანს. ამისათვის წარსულს არ უნდა ჩამოვეკიდოთ და გამოვეტიროთ. ხომ იცით, ყოფილებზე გაჩერება არ შეიძლება. ამიტომ გრძელი მეილი მივწერე რატის, რომელის ძირითადი არსი იყო ის, რომ ცხოვრება მუხთალი რამეა, მაგრამ უნდა წამოდგე და გააგრძელო სვლა. ერთ მდინარეში მეორედ შესვლის ამაოების შესახებაც მივაწერე ერთი-ორი სიტყვა და ცრემლების ნაცვლად ანანასის წვენსაც დავაპკურებდი წერილზე ხელით ნაწერი რომ ყოფილიყო. მოკლედ, ზედმეტი დროისა და ნერვების ხარჯვის გარეშე დავასრულე ის დიდი სისულელე, რასაც რატის ურთიერთობის განახლება მიქადდა.
ახლა ჩემი ცხოვრება აჯაფსანდალს ჰგავს. საჭმელებში ზაფხულის ჰიტს, რომელიც ყველას უყვარს. თითქოს ზედმეტი ინგრედიენტებით, მაგრამ ერთ მათგანსაც თუ დააკლებთ უგემური იქნება. ყველა პროდუქტი თავის როლს ასრულებს. დათი პომიდორია, რომელიც შეიძლება ტომატიტაც ჩაანაცვლო ისე, რომ არაფერი დაშავდეს. კეტჩუპის შერევასაც უპრეტენზიოდ იტანს. ბენი რეჰანია, ახალი და ეგზოტიკური გემო, ჯერ კიდევ ბოლომდე შეუსწავლელი და არც თუ ისე საყვარელი ყველასათვის. მხოლოდ ზედმეტად გემოვნებიან ადამიანს შეუძლიათ მისი საოცარი თვისებებს აღქმა. აი, რაც შეეხება რატის ის მარილია. არა მხოლოდ აჯაფსანდალში, არამდეც ყველა სადილში. მარილი, რომელიც იცი, რომ მავნეა, არანაირი სარგებელი მას არ მოაქვს, მაგრამ შენ მაინც ჯიუტად აგრძელებ მის ჭამას, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს მიხვდები, ზედმეტი მოგივიდა და ყველაფერი გააფუჭა. ადრე თუ გვიან ჭკვიანი ადამიანები მარილზე უარს ამბობენ. ასეთი ადამიანები ჯანმრთელები არიან. ჰოდა, მეც დავიწყე გამოჯანმრთელება.
ბოლო დროს ზედმეტად ბევრი დრო გამომიჩნდა ფიქრისთვის, ამიტომ სასწრაფო წესით რამდენიმე დამტვერილი და აუცილებლად წასაკითხი წიგნი გამოვიღე თაროდან და ჩუმი საღამოები შევივსე. ამ ყველაფერს ჯანმრთელობის პრობლემების გამო იძულებითი შინაპატიმრობაც დაერთო. პირველადი მოკითხვების შემდეგ სახლის კარს მხოლოდ ქვითრების ასაღებად ვაღებდი და ბენთანაც მხოლოდ მიმოწერით შემოვიფარგლებოდი. ჰოდა, დავიწყე რაღაცეების გადაფასება და ამ გადაფასებაში მივხვდი, რომ არ ღირდა ჩემი ცხოვრების თავდაყირა დაყენება.  არც ადამიანები იცვლებიან და თან ეს ის „რომ“ იყო, რომლის წინაც მძიმე იწერება.
თვითგამორკვევის ეტაპმა წარმატებით ჩაიარა და გამოძინებულ-დასვენებული გონებაც მზად იყო მთელი რესურსი დაეხარჯა ისეთ რამეზე, რაც იდიოტობებზე ფიქრის ადგილს ტვინში აღარ დამიტოვებდა.
პარასკევს ჩემ გოგოებს ვაიბერში მივწერე –  საღამოს გელოდებით, გაჭმევთ-გასმევთ რასაც გინდათ.
თეთრი ღვინო და ქათამი როგორც გინდა –  მოვიდა პასუხი, რომელიც თანხმობის ნიშნად ყველამ დაალაიქა.
ისეთ ხოდზე ვიყავი ქათამი კი არა ხინკალს მოვახვევდი რომ ეთხოვათ. ამიტომ სასწრაფო წესით ის ჯინსი ამოვიცვი, რომლიც ბოლოს აღარ მეტეოდა და ლონდონის ხედებიანი მაისური გადავიცვი. გზაში ქათმის მომზადების ოცამდე რეცეპტი ამომიტივტივდა, მაგრამ რადგან შემოდგომაა და ბროწეულის ფუფუნება გვაქვს, ყველაზე კარგი მიგნება ამ დროს შემწვარი ქათამია ბროწეულის სოუსით. თან ცოტა პიკანტური გემო მინდა შევმატო და ამისთვის ანანასს, თაფლსა და ბროკოლს გამოვიყენებ.
პირველად შემწვარი ანანასის შესახებ რომ გავიგე ისეთი სახე მივიღე, როგორც პირველად ბადრიჯნის მურაბის დანახვისას, მაგრამ როდესაც გავსინჯე მივხვდი, რომ არასოდეს არაფერზე არ უნდა აიბზუო ცხვირი და რომ კულინარიაში სტანდარტული რეცეპტები არ არსებობს. კულინარია არის პინგვინი, რომელიც ყველა წესის დარღვევის მიუხედავად, მაინც ფრინველად მიიჩნევა. ჰოდა, სამზარეულოშიც ყველა წესი უნდა დაარღვიო და დაამტკიცო, რომ პინგვინი ფრინველია.
აი, თუნდაც თქვენ ერთხელ სცადეთ არასოდეს გაამზადოთ საახალწლო სუფრაზე ილივიესა და ვინეგრეტის სალათათები, ტოლმა კომბოსტოსა და ვაზის ფოთოლში, ნამცხვარი „მედოკი“ ან „იდეალი“. მის ნაცვლად გააკეთეთ გოზინაყი ზაფხულში, საცივი შემოდგომაზე და დაანგრიეთ კლიშეები. ამით დაიწყეთ და მერე მუზა თავისით მოვა.
სახლში პარკებით დახუნძლული მოვედი. ინგრედიენტები ამოვალაგე და წინსაფარი მოვირგე. ქათმი კარგად გავასუფთავე, მოზრდილ ნაჭრებად დავჭერი და მარილსა და შავ წიწაკაში ამოვსვარე. გამზადებული ნაჭრები ნედლ ბაზილიკთან ერთად ღუმელში შევდგი და კარგად შევბრაწე. გარნირად ტაფაზე ცალკე მოვამზადე კარაქში და თაფლში შემწვარი ანანასი და ბროკოლი. ქათმის ნაჭრებს გვერდით გარნირი მოვულაგე და ბროწეულის ახლადგამოწურული სოუსი გადავასხი.
ამასობაში ჩემი გოგოებიც მოვიდნენ და შოკოლადისა და ვანილის ფრანგული თბილ-თბილი კრუასანებიც მომიტანეს. ოდესმე ამასაც შევეჭიდები და გამოვაცხობ. ფრანგული სამზარეულო ჩემი სუსტი წერილია, იმდენად მიყვარს, რომ მეშინია უდიერად არ შევეხო. იმდენად პოეტური და მაღელვებელია, რომ მის ღირსად ჯერ ვერ მივიჩნიე თავი. სანამ კრუასანებთან რევერანსებით ვიყავი გართული გოგოებმა სუფრა გაშალეს და თეფშებზე გამზადებული ქათამიც გააქციეს მაგიდისკენ.
რამდენიმე წუთი ალმაცერად უყურებდნენ თაფლში შემწვარ ბროკოლსა და ანანასს და მერე ამ ყველაფერს შემწვარ ქათამთან შემოლაგებულს, მაგრამ როგორც კი ნინიმ პირველი ლუკმა გასინჯა და მკლავები აიკაპიწა უფრო გემრიელად, რომ ეჭამა ერთიანად შეესიენ თეფშებს. ქათმის თბილი ნაჭრები და ცივი თეთრი ღვინო არის ის კომბინაცია, რომელზეც უარი არასოდეს უნდა თქვათ.
იმ საღამოს დავამტკიცე, რომ პინგვინი ნამდვილად ფრინველია და ეს ის „რომ“ არის, რომელის წინაც მძიმე იწერება.

 

დატოვე კომენტარი