ეპიზოდი 7 – მაჯლაჯუნები რეცეპტების გარეშე

no-cook-meals-400x400

ყველას გვაქვს ისეთი დღეები, როდესაც მიუხედავად მზიანი ამინდებისა მაინც გვიტევს დეპრესია. ბოლომდე ვეშვებით და არაფერს ვაკეთებთ. არაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ცხოვრება განვაგრძოთ. დღე და ღამე გვერევა. ტელეფონს ვთიშავთ და არავის ზარს ვპასუხობთ. არც ჭამა გვინდა, არც სმა, არც გაღვიძება და სუნთქვაც კი გვეზარება. მერე გვირეკავენ მეგობრები, გვწერენ, გვამხნევებენ ან გვეუბნებიან, რომ ესმით ჩვენი. ზოგი უბრალოდ გვაძლევს საშუალებას, რომ მდუმარებაში ვიყოთ. დეპრესიიდან ვერავინ გამოგვიყვანს. ჩვენ უნდა გვინდოდეს რომ ცხოვრება განვაგრძოთ.
ცხოვრება დილას ემსგავსება. ჩუმსა და სევდიანს. შენს ცხოვრებაშიც, ისევე, როგორც დილის ქალაქში მხოლოდ მეეზოვის ცოცხის ხმა ისმის. ერთადერთი ხმა, რომელიც სიჩუმეს გირღვევს, გაგრძნობინებს, რომ ცოცხალი ხარ.
ჩემი ცხოვრების ტემპი ძალიან ნელია, მდორედ მიედინება და ბოლომდე ვაძლევ საკუთარ თავს საშუალებას იფიქროს იმაზე, რაზე ფიქრის საშუალებასაც ზედმეტი დრო გვაძლევს.
რაზე ფიქრია დიდი სისულელე, მომავალზე თუ დღევანდელ დღეზე? მუშაობ, ღამეებს ათევ შრომაში, სწავლაში, სხვებზე ფიქრსა და ზრუნვაში, საკუთარი თავი გეკარგება და იმ ადამიანებში იწყებ მის ძებნას, ვისშიც საკუთარი შესაძლებლობები და დრო ჩადე. მერე გწყინს რომ ან იმედები ვერ გაგიმართლეს, ან გაგიმართლეს, მაგრამ შენ მეტს მოელოდი. გწყინს და საკუთარ თავს სხვანაირ ცხოვრებას ჰპირდები. ბრაზდები და ჩხუბობ. რომ შეგეძლოს გემრიელადაც შემოულაწუნებდი საკუთარ თავს, მაგრამ მერე გამართლებების ძებნას იწყებ და იმდენს პოულობ, რომ ისევ საკუთარ თავშივე ეძებ, სად, რა და რატომ არ იყო საკმარისი.
ჩემი ცხოვრება დილას დაემსგავსა. მთელ ღამეს რომ თეთრად გაათენებ და ქალქაზე ადრე რომ გღვიძავს. ჰოდა, რომელიმე დილას ისევ იპოვი შენში ახალ ენერგიებს და არეული ოთახის დალაგებას დაიწყებ იმისათვის, რომ რამე შეცვალო.
რამდენიმე ხნის წინ ვწერდი, რომ სიყვარული ჩემნაირი გოგოებისთვის არ არის. თითქოს დიდ ბანერზე დავწერე, საწოლის წინ გავიკარი, რომ ყოველ დილით წამეკითხა და სხვანაირად არ მეფიქრა. მოჯადოებულ წრეზე დავდივარ და ამ წრეზე სულ ერთი და იგივე ადამიანები მხვდებიან. რატიც ამ წრეშია, დათიც და ბენის ადგილიც მოიძებნება თუ მოვინდომე. მეც მივეჩვიე ასეთ ცხოვრებას და მეშინია მისი შეცვლა ისე, როგორც ძველ საყვარელ ნივთთან განშორების ეშინია ხოლმე ადამიანს.
მე ტვინით ვფიქრობ, სხვები გულითაც. სხვებს არ ვედრები, არც ჩემი ცხოვრების დრამატიზებას ვცდილობ და არც თავის გამართლებას. არაფერს ვცდილობ და ზუსტად ამაშია ჩემი პრობლემა.
გუშინ რატის შევხვდი, წიგნის პრეზენტაციაზე. შორიდან დამინახა და ხელი დამიქნია. ხელში იაპონური ტანკების თარგმანი ეჭრია. არც კი ვიცოდი, ოდესმე თუ იყო იაპონური პოეზიით დაინტერესებული. არც კი ვიცი რა უყვარს, გარდა იმისა, რომ ჩემი ყურება უყვარდა, როდესაც რამეს ვწერდი. არასდროს მელარაკებოდა, ჩუმად იჯდა და  უბრალოდ მიყურებდა.
ის მახსოვს, რომ თავის ბავშვობაზე უყვარდა ლაპარაკი, ბებიაზე და დედაზე. შავთმიან და მწვანეთვალება ბებიაზე, რომელმაც კითხვა შეაყვარა.
წიგნებს არასოდეს მიკითხავდნენ ბავშვობაში. მხოლოდ მირჩევდნენ რა უნდა წამეკითხა. რატი დამიჯდებოდა და მიკითხავდა. ისე, თითქოს ბავშვობის დანაკლისს მინაზღაურებდა. რამდენიმე ახალი მწერალი აღმომაჩენინა, შემაყვარა და ამით ბედნიერი იყო. ვგეგმავდით რა უნდა წაგვეკითხა და ერთმანეთს ვეჯიბრებოდით ვინ უფრო მეტის წაკითხვას მოასწრებდა. ვგეგმავდით როგორ სახლში გვინდოდა ცხოვრება. ერთად თუ ცალ-ცალკე ამაზე არასოდეს გვილაპარაკია. სახლი გვინდოდა ქალაქგარეთ, დიდი ეზოთი და ჩოგბურთის კორტებით. ბუხრის ოთახით მეგობრების შესაკრებად. ჩვენი სახლი დიდი და მხიარულებით სავსე იყო.
დეპრესიიდან გამოსვლა და ცხოვრებაში დაბრუნება თუ გვინდა, ჩვენი შეცდომები ხმამაღლა უნდა ვაღიაროთ. საკუთარ თავს უნდა გამოვუტყდეთ, რომ შევცდით და იდეალურები არ ვართ. ახლა ზუსტად ამ გზას გავდივარ. არაფერს ვგეგმავ, არაფერს ვამბობ, უბრალოდ ვცდილობ მოჯადოებული წრე გავარღვიო და იგივე შეცდომები არ დავუშვა.
დეპრესიის დროს ან მძინავს ან რამეს ვაცხობ. ძალიან ტკბილს და შოკოლადით სავსეს. თან ძალიან ბევრს და გაუჩერებლად. ახალ რეცეპტებს ვეძებ ან ვიგონებ. ამ დროს ხმა არავინ უნდა გამცეს. ამ კვირაში 50 ცალი შოკოლადიანი ეკლერი გამოვაცხე. მაცივარში რომ აღარ ეტეოდა მივხვდი, რომ გაჩერების დრო იყო.
6 საათზე წამოვხტი და აბაზანაში შევედი. სირბილი უნდა განვაახლო. დილით მეეზოვე ბიჭს ვხვდებოდი, უკან გზაზე უკვე სავსე იყო მთელი უბანი. მიყვარს ადამიანებზე დაკვირვება. ყურსასმენებში ბოლო ხმაზე ვუსმენ მუსიკას. ბავშვები ბაღში და სკოლაში მიდიან, დიდები სამსახურში, მარკეტიდან ქალებს სავსე პარკები გამოაქვთ და სკვერში გაკეთებული ხუხულაც ნელ-ნელა ივსება უმუშევრებით. ხალხი ასე ცხოვრობს სხვისი ან საკუთარი ცხოვრებით. ხმა აქვთ გამორთული ამ ადამიანებს და მხოლოდ პირს ამოძრავებენ, ხელებს შლიან და ამ დროს მათი დაკვირვება მართლაც საოცარია. მათი ლაპარაკი არ გესმის და მხოლოდ ჯორჯ ჰარისონი მღერის შენს ყურებში. უსაზღვრო ენერგია გაქვს, შეგიძლია გაუჩერებლად ირბინო, ხართ მხოლოდ შენ და გზა, რომელსაც არ ანაღვლებს, რომ შენი ყოფილი ბიჭის გამო დეპრესია გაქვს. 2 საათი შეუჩერებლად ვირბინე, გზადაგზა მაჯლაჯუნები დავტოვე და თავისუფალი გავხდი.
რატისთან შეხვედრის შემდეგ სახლში წამოვედი. ასე, ავდექი და წამოვედი. არც თვითონ დაუძალებია დარჩენა. მთელი დღე ვწერდით ერთმანეთს. ისე, როგორც ყოველთვის ვაკეთებდით, მაგრამ ახლა აღაც ჩემთან ურთიერთობისა ეშინოდა და არც კომფორტში დარჩენას აპირებდა. მგონი ეს მოჯადოებული წრე ირღვევა, ახალ ჰორიზონტებს შლის.
დეპრესიიდან ვერავინ გამოგვიყვანს. ჩვენ უნდა გვინდოდეს რომ ცხოვრება განვაგრძოთ. უნდა მივხვდეთ, რომ ყველა რომის წინ მძიმე არ იწერება.
რატისთან ურთიერთობას ახლიდან ვიწყებ.

დატოვე კომენტარი