ეპიზოდი 6 – ოცნების მეზობელი თუ რატი?

wine-dinnerპოლოს მაისური ლურჯი ზოლებით, ოდნავ მოკლე ხაკისფერი შარვალი, მარცხენა მაჯაზე მუქი შოკოლადისფერი ტყავის სამაჯურიანი საათი, ხშირი და ოდნავ ტალღოვანი წაბლისფერი თმა საოცრად უბზინავს. ფილმიდან გადმოსულს ჰგავს და ისეთი მზერა აქვს 16 წლის გოგოსავით დავიბენი.
ბენი, მითხრა და ხელი გამომიწოდა. სახეზე შემეტყო, რომ ამ სახელს არ ველოდი.
– მშობლებმა ბაბუის სახელი, ბეჟანი დამარქვეს, იმართლა თავი.
ღმერთო, რა სიმპათიურია. ბეჟანი კი არა შაქროც რომ ერქვას ვაპატიებ.
– ანა. არავის სახელი მქვია, არც ანა ფრანკის და არც ბებია მყოლია ანა.
ვცდილობ თავიდანვე კომუნიკაბელური და მხიარული ვიყო.
ასეთი ბიჭები არასოდეს მომწონდა. ჟურნალიდან გადმოსული გლამურული ტიპები მგონია, რომელებიც არც ჭამენ, არც სვამენ, არც ეწევიან, არც იღიმიან და საერთოდ არც სუნთქავენ. შეიძლება რეალურად არც არსებობენ, მაგრამ ახლა ჩემ სამზარეულოში ზუსტად ასეთი ბიჭი ზის. იღიმის კიდეც, ჭამაც უყვარს, ღვინოშიც მშვენივრად ერკვევა და მის სუნთქვას ჩემი სუნთქვასავით ვგრძნობ.
შეგხვედრიათ ადამიანი, რომელიც პირველად ნახეთ, მაგრამ ისეთი თბილი ღიმილი აქვს დიდი ხნის მეგობარი გგონიათ? ზუსტად ასეთი განცდა მაქვს. შინაურული, ახლობელი. თან ისე ფუსფუსებს ჩემს სახლში, მგონია აქ გაატარა მთელი ბავშვობა, წლების მერე დაბრუნდა და მისთვის ყველაფერი ნაცნობი და საყვარელი ისევ იგივე ადგილას დახვდა.
2 ჭიქა ღვინის შემდეგ მისაღები ოთახის დივანზე ვისხედით და მისი იტალიური ცხოვრების ამბებს ვისმენდი. ისეთ საოცარ ისტორიებს მიყვება ცრემლები მომდის სიცილისგან. პერიოდულად დგება და ხელებს შლის, მეტი ემოციით რომ მოყვეს.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იტალიაში წავიდა. ეს ის დროა თბილისში რომ არც შუქი გვაქვს, არც წყალი მაღალ სართულებზე, ჩაის მშრალ სპირტზე ვადუღებთ და იაილა მარგარინს ვისვამთ პურზე კარაქის ნაცვლად. ზამთარში პალტოებით რომ ვიძინებთ და სკოლაში წითელი „კერასინკებით“ რომ ვთბებით. მთელი თბილისი „Second Hand”-ში რომ ვიცვამთ და ქალქის ტელეფონზე ერთმანეთს რომ ვერთვებით. ქალაქში ყველაფერი შავ-თეთრი და უიმედო რომ არის. ჰოდა, გაექცა აქაურობას. ისწავლა მზარეულობა და 12 წლის მერე დაბრუნდა.
ჩვენი ბავშვობა-ახალგაზრდობის გახსენებაში ღამის პირველი საათი ისე მოვიდა ვერცერთი მივხვდით. ღვინოც გათავდა, ჭიქებს ხელი მოვკიდე და სამზარეულოში გავედი.
ტელესკოპი შენია, გამომძახა აივნიდან.
– კი, დღეს ჩამომივიდა და ვერაფერი გავუგე, ვინმეს უნდა ავაწყობინო.
სამზარეულოდან რომ გამოვედი ჩემი სარემონტო იარაღების ყუთში იქექებოდა. ვიდექი და ვუყურებდი როგორ ცდილობდა ჩემი ტელესკოპის აწყობას სიმპათიური წაბლისფერთმიანი, მხიარული ბიჭი, რომელიც ლიფტში საოცარ სურნელს ტოვებს.
ხომ არსებობენ ბიჭები, რომლებიც იმდენად იდეალურები ჩანან, რომ გეშინია. თან პირველი შთაბეჭდილება ხშირად არ მართლდება ხოლმე. ჰოდა, იმდენად პესიმისტი და ზედმეტად რეალისტი ვარ ურთიერთობებში, რომ არ შემიძლია ამ ყველაფერს, როგორც უბრალოდ ფაქტებს ისე შევხედო და უაზრო ხვალინდელ დღეზე არ ვიფიქრო.
ჩემი ბოლო ურთიერთობა ისე უაზროდ დამთავრდა, ჯერ კიდევ მისი ზემოქმედების ქვეშ ვარ. თან რატიც წინა დღეებში გამომეცხადა. ყოველთვის ასე ხდება, ზუსტად მაშინ ჩნდება ჩემ ცხოვრებაში, როდესაც რაღაც ახალის დაწყებას ვცდილობ.
სამზარეულოში შევბრუნდი, მაცივრიდან ჩემი მეგობრის ჩამოტანილი წითელი ღვინო გამოვიღე, ჭიქები თითებში მოვაქციე და აივანზე გავედი.
– გშია?
– კი, ძალიან.
– ქათმის ვრაპებს მოვამზადებ. იტალიური ვერა, მაგრა, კაი გრუზინული იქნება.
– რა საოცარი გოგო ხარ, დარწმუნებული ხარ რომ საქართველოში იცხოვრე ეს წლები, მკითხა და ტელესკოპს შტატივი მოარგო.
ენა გამოვუყავი და ვრაპის მოსამზადებლად გავედი.
სალათის ფოთლები, შემწვარი ქათამი, თხლად დაჭრილი კიტრისა და პომიდვრის ნაჭრები  და მაიონეზისის სოუსი ლავაშის ფირფიტებში გადავახვიე და სენდვიჩ მეიქერში დავბრაწე. ღამე საჭმელად ზედმეტად კალორიულია, მაგრამ გემრიელი და სწრაფად მოსამზადებელი.
შუაღამე იყო ბენმა ტელესკოპის აწყობა რომ დაამთავრა.
ასეთი კარგი დრო დიდი ხანია არ გამიტარებია, მითხრა და სახლის კარი გააღო.
მეც ბეჟან, ვუთხარი და ორივეს იმხელა ხმაზე გაგვეცინა მგონი მეზობლები გავაღვიძეთ.
სახლში შემოვბრუნდი და მობილურის ძებნა დავიწყე, მთელი საღამო სადღაც მქონდა მიგდებული. დედაჩემისა და ჩემი გოგოების თვრამეტი გამოტოვებული ზარი და ორი მესიჯი დამხვდა. ტექნო ბუმი და რატი მწერდნენ: „ხვალ კარგი წიგნის თარგმანის პრეზენტაციაა, 7-ზე მზად იყავი, გამოგივლი“.
რატომ არ მეხსნება ეს ბიჭი, რომელ ცხოვრებაში გავამწარე ან რომელ განსაწმენდელში დამეხსნება?
იცი რაა, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაველაპარაკო და გადავწყვიტოთ ერთმანეთისგან რა გვინდა, რატომ გვინდა და როდემდე გვინდა. ჩამოუყალიბებელი იყო და ასეთად დარჩა. ვიცი დაიწყებს, რომ ეშინია ჩემი სიძლიერის, ჩემი შეხედულებების, ჩემთან გამოყოლის. ეშინია, რომ მე წინ წავალ, ის ერთ ადგილზე დარჩება კომფორტულად და მერე მე მომბეზრდება მისთვის მუდმივად მოტივაციის მიცემა. ჰოდა, მუდმივად ამ ერთ ჩაკეტილ წრეზე ტრიალი მომბეზრდა. ვიცი, შეიცვალა, გაიზარდა და ბევრი დროც გავიდა, მაგრამ უნდა დამარწმუნოს. ჰოდა, შევხვდები, ჰოდა, ყველაფერს ვეტყვი, საკუთარ თავთან დიალოგი გავმართე.
ოკ, მივწერე და ბოლოში გულის სმაილი მივახატე.

2 thoughts on “ეპიზოდი 6 – ოცნების მეზობელი თუ რატი?

დატოვე კომენტარი