ეპიზოდი 5 – ყოფილები და მოჰიტო

ა

მარტო ცხოვრებაზე ალბათ ყველას გიფიქრიათ. დაგიგეგმავთ კიდეც როგორ იჩხუბებდით მშობლებთან და ცალკე გადახვიდოდით საცხოვრებალად. მერე გაიზარდეთ და შეეჩვიეთ რეალობას. თან, ხალხი რას იტყვის, პრინციპი ჩვენში ისეა გამჯდარი ხშირად გვიჭირს ამ სენს თავი დავაღწიოთ. მოკლედ, ცალკე ცხოვრება რომ გადავწყვიტე ყველას ეგონა, რომ მხოლოდ ცარიელი სიტყვები იყო. ჩემში ფულის ფლანგვის სურვილი დავძლიე და ერთ წელიწადში 3 სამსახურში ერთად ვიმუშავე, რომ სახლის ფული მომეგროვებინა.
სამი წელი სრულ მარტოობაში, საკუთარი თავისა და შესაძლებლობებების გამოცდაში გავატარე. ამბობენ, რომ მე ძლიერი ვარ, მე რეალიზებული ვარ, მე განსხვავებული ვარ. იმდენად განსხვავებული, რომ ჩემგან ყოველთვის განსაკუთრებულს მოელიან. ისეთს, რაც აღაფრთოვანებთ და გააოცებთ, მაგალითსა და მოტივაციას მისცემთ. სიყვარული ჩემნაირი გოგოებისთვის არ არის, მაგრამ ყველა ჩემთან მორბის პირად ამბებზე რჩევის საკითხავად. უნდათ უფრო ძლიერები და ნაკლებად დამთბობები იყვნენ. მე კიდევ რადიკალიზმის რადიკალური წინააღმდეგი ვარ. როგორ ვურჩიო მეგობარს დაშორდეს ქმარს, რომელმაც უღალატა ან დაშორდეს შეყვარებულს, რომელსაც „მის თავს ძმაკაცები ურჩევნია“. როგორ ვუთხრა, რომ მათ თვალში ზუსტად იმიტომ ვარ ძლიერი, რომ ასეთ პრობლემებამდე არასოდეს მიმყავს საქმე. აი, რის ფასად ეგ უკვე სხვა საქმეა. მოკლედ, სიყვარული ჩემნაირი გოგოებისთვის არ არის.
ხანდახან ჩვეულებრივი მინდა ვიყო. დეპრესიის უფლებაც მქონდეს, შოკოლადების ჭამისაც და დაქალის ბალიშზე ქვითინისაც. ჩემი ბიჭის უშვერი სიტყვების გალანძღვისაც და მერე დებილური მესიჯების მიწერისაც. სისულელეების ჩადენაც მინდა და ხუთოსანი გოგოს იმიჯის დამსხვრევაც.
მერე ეს დებილური ფიქრები გადამივლის ხოლმე და ჩემს ყოფილებს რომ ვიხსენებ ვხვდები, კარგია რომ არც დაქალების ბალიშებზე მიტირია და არც შოკოლადის ნაგავსაყრელად გადამიქცევია ჩემი სახლი. არც ყოფილ ქმართან მაქვს რამე გასაყოფი და არც ყოფილი შეყვარებულის ნივთებს ვინახავ მუყაოს ყუთში, რომელიც ლოგინის ქვეშ დგას დამტვერილი.
ვზივარ ჩემს ცისფერ სამზარეულოში და მეზობლის ბიჭზე ვფიქრობ, ლიფტში საოცარ სურნელს რომ ტოვებს ხოლმე. მის წაბლისფერ თმაზე ვფიქრობ და კიდევ იმაზე, რომ ამ ბიჭს ნამდვილად ვიმსახურებ.
სარკეში ჩავიხედე და მივხვდი, რომ სამ წელში არაფერი შემიცვლია. გოგოებს გადავურეკე და ნინჩოს სტილისტთან ჩავეწერე. ნინჩო მოდის ექსპერტია. გემახსოვრებათ მისი და არმანის ლურჯი კაბის ამბავი.
4 საათზე სალონში შევხვდი. სტილისტმა არმენმა ჩემი თმა შეათვალიერა და მკითხა: რა შამპუნს ვხმარობთ?
თქვენი არ ვიცი და მე რაც წინა თაროზე დევს იმას.
ისეთი სახით გამომხედა, მეგონა ხელის მარტივი მოძრაობით ჩემს კისერს ოდნავ მარცხნივ მოატრიალებდა და შურს იძიებდა ასეთი პასუხის გამო.
მოკლედ, ჩემი ქერა თმა ჟღალი გახდა. ოდნავ დამოკლდა და ისე გამოვიყურებოდი, როგორც ედოსონ მონდგომერი „გრეის ანატომიიდან“. ახლა მთავრი იყო ჩემი „ოცნების მეზობლისთვის“ წერილზე მეპასუხა.
ყვითელი წებოვანი ფურცელი დენის ქვითრის უკან მივაკარი და კარში გავარჭე, შაბათს 7-ზე პიცა და მოჰიტო. ბოლოში სმაილიც მივახატე და კიბეზე გიჟივით ჩამოვვარდი.
სისულეების კეთებას და ბალიშზე ქვითინს სიგიჟეების ჩადენა ჯობია, გავიმხნევე თავი.
„Tqven miiReT amanaTi. SegiZliaT gaitanoT 10-dan 7 saaTamde”. ჩემი ტელესკოპიც ჩამოვიდა. უკვე ოფისიდან გამოვდიოდი ლაშამ რომ დამირეკა. ერთმანეთს ათი წელია ვიცნობთ. ახალგაზრდა ლიდერების ტრენინგზე გავიცანი ბაკურიანში. ერთ მონაწილეზე უგზო-უკვლოდ იყო შეყვარებული, მერე ისე გათხოვდა თქმაც ვერ მოასწრო. ამ ყველაფრის გამო საშინელ დეპრესიაში ჩავარდა. სამი თვე სკაიპში ვათენებდი რომ დამემშვიდებინა. დიდი წვერით დადიოდა, თან მაშინ არც ლამბერსექსუალი ბიჭები იყო მოდაში. მოკლედ, ეს მეგობრობა სხვა გრძნობებში გადაეზარდა, როგორც ხდება ხოლმე. მე იუმორით გადავატანინე ეს დებილური ახირება. მას მერე ვმეგობრობთ, მაგრამ როგორც კი დალევს მე ვახსენდები. მირეკავს და ცდილობს დამარწმუნოს, რომ უფრო კარგი წყვილი ვიქნებოდით, ვიდრე მეგობრები ვართ. მეორე დღეს მირეკავს და ბოდიშებს მიხდის.
ბორშის რეცეპტი მასწავლე რა, ისეთი საწყალი ხმით მითხრა ბოდიშის მოხდის ასეთი ხერხი არასოდეს გამოუყენებია. დეგენერატი მეგობრები ყველას განსაკუთრებულად გავიყვარს. ჩხუბს აზრი არ ჰქონდა, თან ბიჭის რჩევა მჭირდებოდა და ერთ საათში ჩაის სახლში შევხვდი.
მეზობლის ამბავი რომ მოვუყევი ლამის სენდვიჩი გადასცდა, წამოხტა და ხის კარადაზე სამჯერ მაგრად დააკაკუნა. წადი ქალო, ქუსლზე ჩაიცვი, კაბა დაიმოკლე და გამოაჩინე, რაც გამოსაჩენი გაქვს. კაცისგან სხვა რჩევას არც მოველოდი.
ფქვილიანი ხელებით არ დახვდე, თორემ ყველა მე კი არ მგავს, გაიკრიჭა შტერივით.
დენის ქვითარზე სახელი და გვარი ვნახე და საღამოს ფეისბუქზე მოვძებნე. დახურული პროფაილი აქვს. მხოლოდ იმის გარკვევა შევძელი, რომ იტალიაში ცხოვრობდა და ორი ფოტოდან ერთში მზარეულის უნიფორმა აცვია. არა, ნამდვილი „ოცნების მეზობელია“.
შაბათს დილიდან პროდუქტების საყიდლად წავედი. გასაღები ჩემი მეგობრის გამოგზავნილ დამლაგებელს მივეცი, რომელიც პაჯეროს ჯიპიდან გამოვიდა და გულიანად გამიღიმა. დღეს სასწაულების დღეა. საღამომდე კიდევ რა მოხდება კაცმა არ იცის.
იტალია, პიცა, მზარეულის უნიფორმა, ლიფტი, სუნამო და წაბლისფერი თმა. ძალიან უნდა ვიჯადოქრო, რომ იდეალური ვიყო.
ბაზარში ხშირად თუ არ დადიხართ აუცილებლად იარეთ. ეს ცალკე კასტაა. ცალკე ერთი ცხოვრება და კულტურული შოკია. დილის ბაზარი ძვირი, სუფთა და ხმაურიანია. ახალი მწვანილის სუნითაა გაჟღენთილი. რეჰანისა და პიტნის საოცარი სურნელი დგას ჰაერში. ყველაფერი ნამიანი და ახალია.
დახლებიდან ახალი ნიორი, პომიდორი, პიტნა და ლაიამი წამოვკრიფე, პარკები მანქანაში ჩავყარე და სმარტისკენ წავედი. მოლარე კოდებს რომ აწკაპუნებდა უკვე 2 საათი იყო.  დროულად უნდა მოვასწრო ყველაფერი, სალონშიც შევიარო და ისეთი ტანსაცმელი უნდა შევარჩიო ვერ მიხვდეს ბევრი ვიფიქრე რა ჩამცვა თუ ცოტა.
პიცის ცომი საფუარით მოვამზადე. დაჭყლეტილი ახალი ნიორი და ორეგანო ზეითუნის ზეთში შევურიე და ფორმაზე გაბრტყელებულ ცომს წავუსვი. პომიდვრის გემო მიყვარს პიცაში ამიტომ ცოტა პომიდვრის სოუსი გადავუსვი და ზემოდან მოცარელა მოვაყარე. შემდეგი ფენა შაშხის ნაჭრები, თხლად დაჭრილი პომიდორი და ქამა სოკოა, ბოლოში ისევ მოცარელა და პიცა მზად არის ღუმელში შესადებად. გამომცხვარ პიცას ზემოდან დაჭრილი ზეთისხილი და ბაზილიკის ფოთლები უნდა შემოვალაგო.
სანამ პიცა ღუმელში იბრაწებოდა მოჰიტოს ყინული ბლენდერში ჩავყარე დასამტვრევად. შაქარი და პიტნა ერთმანეთში ავსრისე, ზემოდან წვრილად დამტვრეული ყინული დავაყარე და ლაიმის წვენი და თეთრი რომი ჩავამატე. მატონიზირებელი სასმელიც ბოლოში და გამზადებული მოჰიტო მაცივარში შევდგი.
ზუსტად 8-ის ათი წუთი იყო საცხობისა და სახლის ზარი ერთდროულად რომ დაირეკა. ღრმად ჩავისუნთქე და კარში გასაღები გადავატრიალე.
ბონჯორნო, გამიღიმა საოცრად თეთრი კბილებით და ხელში შავი ღვინო შემომაჩეჩა.

 

დატოვე კომენტარი