ეპიზოდი 4 – მოჯადოებული წრე და მწვანეთვალება

Fionas-Turkey-Club-Sandwich.jpg

შენი სახლის სუნი მომენატრა, მითხრა რატიმ და თაფლიანი ტუჩები მოილოკა. ამ სახლს სხვა სუნი აქვს და საერთოდ, რას შემომივარდი შუაღამისას სახლში? სანამ ჩხუბს დავამთავრებდი წიგნის თაროსთან იდგა და შექსპირის სონეტები ეჭირა ხელში.
მარჯვენა ხელი ისე გაშალა, როგორც  ჩემი კლასელი ლაშა შლიდა ხოლმე სამშობლოზე ლექსის წაკითხვისას და დაიწყო:
„სჯობს აღიარო, რომ არ გიყვარს ქვეყნად არავინ,
თუ დასაღუპად საკუთარი თავიც გასწირე,
ბევრმა გაჩუქა სიყვარული დაუფარავი,
მაგრამ შენ თვითონ ტრფობა არვის გაუნაწილე“
დეგენარატი ხარ, ვუთხარი და ისე გავუღიმე, როგორც ორი წლის წინ.
არა, მაინც რას მერჩოდი, ლოთი მე არ ვარ და ნარკომანი, სამსახურიც მაქვს, ბინაც და დაჟე აგარაკიც. სიმპათიურიც ვარ, თქვა და კმაყოფილი გამომეტყველება მიიღო.
არა, მართლა რას ვერჩოდი, მიუხედავად იმისა, რომ ბებიაჩემივით ლაპარაკობს.
უაზრო ლაპარაკისთვის თავის არიდება მინდოდა, ამიტომ სასწრაფო წესით გავშალე დივანი და ისეთი მკაცრი ტონით ვუთხარი: შენ ამაღამ აქ დაიძინებ, რომ  ორივემ ხარხარი ავტეხეთ.
დილით რატის ღმუილმა გამაღვიძა. წესიერად ყავის დასხმაც არ შეუძლია. მდუღარე წყალი გადაისხა. მართლა დეგენერატია ეს ბიჭი, აღარ მიკვირს რატომ დავშორდით. ხალათი მოვიცვი და ფეხშიშველი გავვარდი.
ხელში იატაკის ჯოხი ეჭირა და ჩემი ხალათის მკლავები იდაყვამდე სწვდებოდა, შოკოლადიანი ორცხობილა იატაკზე ეგდო და ნახევარი სახე შოკოლადით ჰქონდა მოთხუპნული. ისეთი კადრი იყო, „სულელი და სულელზე სულელის“ რეჟისორსაც შეშურდებოდა.
ხელიც არ გამინძრევია, ისე დაალაგა მთელი სამზარეულო. ამასობაში მე ბედნიერი სახით ვამზადებდი ლორის სენდვიჩებს.
ტოსტის ნაჭერზე ლორი დავალაგე, ზემოდან მდნარი ყველის ფირფიტა, სალათის ფოთოლი, თხლად დაჭრილი პომიდორი. მაიონეზში შერეული, ორეგანო, ნივრის ლიმონის წვენისა და წიწაკის ნარევის სოუსი გადავუსვი და სენდვიჩ მეიქერში ჩავდე.
5 წუთში მზად იქნება და დროზე გამოეტიე, მივუკაკუნე აბაზანის კარზე.
წინა კვირას სამზარელოში რადიო დავაყენე. FM რომელიღაცა და რომელიღაცაზე ნატალი კოული მღეროდა: This will be, an everlasting love. This will be the one I’ve waited for. This will be the first time anyone has love me.
კარმა ინ ექშენ, გამოსცრა რატიმ.
რა კარმა?
კარმა რა, გამათბობელი, თქვა და ისეთი სახე მიიღო, ვერ მივხვდი ხუმრობდა თუ სერიოზულად ამბობდა.
აქამდე კარგად მოვიქეცი, მთავარია ისე გავიდეს ჩემი სახლიდან არაფერი გავაფუჭო, შემოვუძახე ჩემ თავს.
სანამ სამზარეულოს მივალაგებდი, გამომძახა. გავდივარ, მოდი კარი დაკეტე.
დაბდურო, ტუჩებზე შოკოლადი გისვია, სად მიაგენი?
შოკოლადი გემრიელი იყო…
3 საათზე ტრენინგი მაქვს. ცალ ხელში ჩანთა მიჭირავს, მეორეშე ყავა და ქუსლებზე აღმართული მივკაკუნებ ჭავჭავაძეზე. სავაჭრო ცენტის მინის იქით სტუდენდობის სიყვარული გავლანდე.
პირველ კურსზე რომ ვიყავი ერთი ძალიან  კარგი ბიჭი მიყვარდა. უნივერსიტეტში მაკითხავდა ხოლმე დილაობით. ავტობუსის გაჩერებაზე მხვდებოდა და პირველი ლექცია ყოველთვის მასთან სეირნობას ეწირებოდა. ჩემზე ორი თავით მაღალი იყო, მე კიდევ კედებით სიარული უფრო მიყვარდა. ერთ საღამოს ძალიან აცივდა და ჩემი ყვითელი მაისური ჩავაცვი. რატის ხალხთისა არ იყოს, ამასაც მკლავები იდაყვამდე სწვდებოდა. ჰოდა ეს ბიჭი მინის მეორე მხრიდან მიყურებდა. თავი უფრო მაღლა ავწიე, წელში გავიმართე და ისე გავიარე, თითქოს ეს წლები არც გასულა. არ ვიცი რისი დამტკიცება მინდოდა, ან რატომ არ მივედი და არ ჩავეხუტე, მაგრამ დებილური წასვლები რომ ჩემი ძლიერი მხარეა, აშკარაა.
ტრენინგი უკვე მთავრდებოდა ჩემმა დაქალმა რომ მომწერა, „საღამოს შენნთან მოვდივარ“.
ოკ, მივწერე და კუბიკების ხატვა გავაგრძელე ბლოკნოტში.
ტრენინგის მერე თიკას გავუარე. მე და თიკა უნივერსიტეტის მეგობრები ვართ. რატიც ახსოვს და ჩემი სტუდენტობის სიყვარული, დათიც. დათისთან დაშორებაზე არ უჩხუბია, რაღაცნაირი ბოთე ბიჭი ეგონა ყოველთვის. რატის რაც შეეხება, მთელი ჩემი სამეგობრო მასზე გიჟდებოდა. დღემდე არ მპატიობენ მასთან დაშორებას.
მესამე კურსზე ვიყავით თიკა რომ გათხოვდა. სახლში დაჯდა და ბავშვის გაზრდა დაიწყო. ამის გამო სამი წლით გვიან დაამთავრა უნივერსიტეტი. მერე ქმარს გაშორდა და ორი წელი დეპრესიიდან გამოგვყავდა. ორი წლის მერე მის ბიჭებს ვეღარ ვითვლიდით. ყოველ კვირა ახალი უყვარდებოდა, თან მთელი გატაცებით და თან ყველას ცოლად მიჰყვებოდა. ესეც დეპრესიის თავისებური გამოხატვად მივიჩნიეთ, ამიტომ მეგობრები აღარ ვეჩხუბებოდით. ბოლოს ლოცვებში მოხსენიებაღა თუ უშველიდა ისე იყო. უკვე ნახევარი წელია ერთი შეყვარებული ჰყავს და მის მდომარეობას სტაბილურად მძიმედ ვაფასებთ.
მოკლედ, თიკას სამსახურში გავუარე და ჩემთან წავედით. ორივეს არანორმალურად გვშიოდა. დღევანდელი დღის გამო ემოციური შიმშილიც მემატებოდა და რამე მარტივი, ძალიან გემრიელი და მსუბუქი უნდა მომემზადებინა სასწრაფოდ.
ცეზარის სალათი გენიალური მიგნებაა ასეთ შემთხვევებში. 2 ცალი ქათმის ფილე მოზრდილ ნაჭრებად დავჭერი, მარილი და შავი წიწაკა მოვაყარე, ლიმონი მოვაწურე და კარგად დავბრაწე. ტოსტის პური კუბიკებად დავჭერი, ზეთის, ნივრის, მარილისა და წიწაკის ნარევში ამოვავლე და ჟარონაზე გავხუხე.
ცეზარის დრესინგი ბევრნაირად კეთდება, მაგრამ მაიონეზში დამატებული ცოტა არაჟანი, ლიმონის წვენი, მდოგვი, ნიორი, მარილი, შავი წიწაკა, ზეითუნის ზეთი და ყველი პარმეზანი ერთად რომ დააბლენდეროთ, არასოდეს გაიხედავთ სხვა რეცეპტისკენ.
დამტვრეულ სალათის ფოთლებს ფენა-ფენა მოვაყარე გამზადებული ქათმის ნაჭრები, პურის ორცხობილები, მოვასხი სოუსი და ზემოდან ყველი პარმეზანი მოვახეხე. გარშემო ოთხად გაჭრილი პომიდორი ჩერი შემოვალაგე და ერთი თეფშები აივანზე გავიტანე.
რადიოში ამჯერად არეტა ფრანკლინი მღეროდა, Just let me love you tonight, forget about tomorrow. My darling won’t you hold me tight and never let, never let me go.
კარმა ინ ექშენ.
რა კარმა, მკითხა თიკამ.
კარმა რა,  გამათბობელი, ვთქვი და ზუსად ისეთი სახე მიიღო თიკა, როგორიც მე მქონდა რატის ნათქვამზე.

დატოვე კომენტარი