ეპიზოდი 3 – იტალია და მწვანეთვალება

spaghetti_bologneseიტალიაზე პირველი რა გახსენდებათ?
ფილმი რომაული არდადეგები,  მუქთმიანი და ცისფერთვალება ბიჭები, ღვინო, პიცა და რა თქმა უნდა, სპეგეტი.
დილით პარკინგზე ჩემ წაბლისფერთმიან მეზობელს შევეჩეხე. შორიდან დამინახა, გამიღიმა და ხელი დამიქნია. გავუღიმე და მანქანაში ჩავჯექი. ისეთი საოცარი თმა აქვს დერეკ შეფარდსაც შეშურდებოდა.
იცით რას ნიშნავს ახალსახლობა? გაუთავებელ სტუმრებს, ბევრ ბამბანერკასა და შამპანურს, საჩუქრებს, განსაკუთრებით მშრალ ხიდზე ან რუსთაველზე ნაყიდ ნახატებს და სახლის სხვადასხვა აქსესუარებს. ერთადერთი რაც არასდროს მოაქვთ ჩემთან ეს საჭმელია. არც ბელას და მადას ტორტები მიგროვდება მაცივარში და არც მეზობლის მარკეტში ნაყიდი ნაპოლეონები. ყველაფერს აქვს თავისი დადებითი მხარე. ჰოდა, ამ კვირაში ჩემი ძველი თანამშრომლები მოდიან, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ ერთი ნახატი ან რამე მსგავსი შეემატება ჩემ კოლექციას. ძირითადად სოციალური ქსელით იცნობენ ჩემ ნახელავს, ამიტომ შანსი ხელიდან არ გაუშვეს და შაბათს თავი დაიპატიჟეს.
იტალია ვახსენე და მენიუში იტალიური სპაგეტი გვექნება ბოლონიურად იგივე „სპეგეტი ბოლონეზე“. დესერტად, ასევე იტალიური ტირამისუ. დღეს იტალიური სამზარეულოს საერთაშორისო დღედ ვაცხადებ.
ჰოდა, იმას ვფიქრობდი საყიდლების სია სახლში ხომ არ დამრჩა თქო და ზუსტად მაგ მომენტში შევეჩეხე ჩემ სიმპატიური მეზობელს, საოცარი სუნამო რომ ასხია. კი, წერილიც მახსოვს და რამე რომ უნდა მოვიმოქმედო ისიც, მაგრამ ცოტა დრო მჭირდება. უნდა შევისწავლო რამდენად ღირს მისთვის ვახშმის მომზადება. იქნებ ტოსტებზე უნდა გადავატარო.
სმარტში შევვარდი და დაცვის ბიჭს ისე შინაურულად და გულიანად გავუღიმე, ლამის მკითხა, ოჯახში ხომ კარგად არიან შენებიო. ურიკა ავიღე და ხორცის განყოფილებისგენ წავედი. ავაწონინე 500 გრამი ძროხის ხორცის ფარში, 200 გრამი ხორცი ბულიონისთვის და  300 გრამი ყველი პარმეზანი. ხახვი, სტაფილო, პომიდორი და სპაგეტის ყიდვაც არ უნდა დამავიწყდეს. იტალიელებს პასტას დიდი არჩევანი აქვთ, ბოლონეზეს რამდენიმე სახის პასტა უხდება. დღეს ჩვეულებრივი სპაგეტი შევარჩიე.
დესერტისთვის სავოიარდის ორცხობილები, ნაღების ყველი მასკარპონე, კვერცხი და ღვინო მარსალა ვიყიდე. ტირამისუ ჭეშმარიტად ღმერთების დესერტია. რთული მოსამზადებელი, მაგრამ მე მსოფლიოს მერვე საოცრების ტიტულს მივანიჭებდი.
სანამ ბოლონეზეს მომზადებას დავიწყებ ჯერ ტირამისუ უნდა გავაკეთო. ძალიან პრეტენზიული დესერტია, ნამდვილი ჭირვეული შეყვარებული. მოფერებას და სიყვარულის ხმამაღლა გამოხატვას მუდამ რომ ითხოვს ისეთი.
ხუთი კვერცხის გული და 150 გრამი დაფქული შაქარი კარგად ავთქვიფე. რომ გათეთრდა 500 გრამი მასკარპონე შევურიე. მასკარპონე ძალიან ცივი უნდა იყოს, რომ კრემი არ გათხელდეს და კვერცხის მასას ძალიან ნელა უნდა შეურიოთ. ხომ გითხარით ჭირვეული შეყვარებულია. შეგიძლიათ 200 გრამი ათქვეფილი ნაღებიც შეურიოთ, თუ რძის გემო გიყვართ და ბავშვობის ცუდი მოგონებები არ გაკავშირებთ.
მაგარი ხსნადი ყავისგან და ღვინო მარსალასგან მომზადებულ ნარევში სავოიარდის ორცხობილები ვაბანავე და მინის ფორმაში ჩამოვამწკრივე. ზემოდან მომზადებული კრემი გადავანაწილე და ასე 3 ფენა. ტირამისუს მზადების პირველი ეტაპი ამითი მთავრდება. ახლა დაახლოებით 7-8 საათის განმავლობაში მაცივარში უნდა შევინახოთ.
დროა ბოლონეზეს მომზადება დავიწყო. ძროხის ხორცი მოვხარშე და ბულიონი ცალკე გადმოვიღე. ძალიან წვრილად დავჭერი ხახვი, სტაფილო და ნიორი. პომიდორს კანი გავაცალე და დავაბლენდერე. გახურებულო ტაფაზე ცოტა ზეთი დავასხი და ძროხის ხორცის ფარში დავყარე. კარგად რომ მოიშუშა ცალკე გადმოვიტანე და იგივე ტაფაზე მოვშუშე ხახვი, სტაფილო და ნიორი, დავამატე დაბლენდერებული პომიდორი, ბულიონი, წიწაკა, ერთი ჭიქა წითელი ღვინო, მარილი, ნედლი ორეგანო, ბაზილიკი და როზმარინი. სოუსმა იქამდე უნდა იდუღოს სანამ სქელი მასა არ გახდება, ბოლოსკენ მობრაწულ ფარშაც შევურიე და ბოლონეზეს სოუსი მზად არის.
ამასობაში ჩემი სტუმრებიც მოვიდნენ. რას ვჭამთ, მკითხა რატიმ და ბოლონეზეს სოუსში ლამის ცხვირი ჩაყო. აუ რა ფრანციცული რამეა, იჭმევა? მკითხა და ყავის მადუღარა ჩართო. არა, „სერვანდში“ დასადებად უნდა გაგატანო, იდიოტურად ვიხუმრე. მე და რატის სამსახურის გარდა ბევრი რამე გვაკავშირებს. 2 წელი ერთმანეთზე ვიყავით გამიჯნურებული. მერე დავიშალეთ, ის სახელმწიფო სამსახურში წავიდა, მე პროექტების წერა დავიწყე არასამთავრობოებისათვის. პერიოდულად სოციალურ ქსელში ვეხმიანობოდით ერთმანეთს, მესიჯებსაც ვწერდით და დაბადების დღეებსაც ვულოცავდით, მაგრამ ერთ დღეს ასე უცერემონიოდ გაქრა. ახალი ურთიერთობების ორი მცელობა ჰქონდა და ორივე კრახით დამთავრდა. არა, განა მიხარია, უბრალოდ გულის სიღრმეში რაღაცნაირად მისწორდება. რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა და ისე მომიკითხა, გეგონება გუშინწინ მელაპარაკა ბოლოს. მეც არაფერი შემიმჩნევია და დღეს ძველ თანამშრომლებთან ერთად მესტუმრა. სამზარეულოს მაგიდის კუთხეში დაჯდა და სიგარეტს მოუკიდა. სახლში არ ვეწევით, უხეშად ვუთხარი. რა დაგაკელი, მომაძახა და აივანზე გავიდა. მთავარია ზედმეტი არ დავლიო და მწვანე თვალებმა არ დამაბნიოს, შემოვუძახე ჩემ თავს.
სპაგეტი ადუღებულ წყალში ჩავყარე და ერთი კოვზი ზეთი დავამატე, ასე ერთმანეთს აღარ მიეწებება. თეფშებზე გავანაწილე, ზემოდან ბოლონეზეს სოუსი გადავასხი და პარმეზანი მოვახეხე.
ვის ოჯახშის შენ შეხვალ, არ გინდა ჩემი რძალი გახდე, შემომთავაზა ნინამ და სიამოვნებისგან თვალები დახუჭა. ჩემი მომზადებული საჭმელი რომ მოსწონთ ისე მიხარია, როგორც პირველი გამოცდის ჩაბარება უნივერსიტეტში.
კარგია ძველი მეგობრების სტუმრობა. განსაკუთრებით მაშინ, თუ მშრალ ხიდზე ნაყიდ სურათებს არ გჩუქნიან.
იმდენი დავლიეთ, ერთმანეთს შეჩემათი ველაპარაკებოდით და მივხვდი რამე ტკბილი და მაგარი ყავა თუ გამოიყვანდა ამათ მდგომარეობიდან. ტირამისუ მაცივრიდან გამოვიღე, ნაჭრები თეფშებზე დავალაგე და მუქი კაკაო მოვაცერი. ყავა არ გადმოგივიდეს, შემომივარდა რატი სამზარეულოში და თავში წამომარტყა. როგორც გვჩვეოდა, ავტეხეთ ერთი ცემა-ტყეპა და უკვე სერიოზულში გადაგვივიდოდა თეო რომ არ შემოსულიყო.
ღამის ორი საათი იქნებოდა დაშლა რომ გადავწყვიტეთ. რატის დივანზე ჩაიეძინა. იყოს ეს საცოდავი, რა მნიშვნელობა აქვს ახლა ამისთვის სად დაიძინებს, თქვა თეომ და მრავალმნიშვნელოვნად გამომხედა.

დატოვე კომენტარი