ეპიზოდი 12 – ჩვენი ადამიანები

c11e4ebec3042ad656e8c383bcbbd5c8იმისათვის რომ წერა დავიწყოთ ძლიერი ემოცები ან უემოციობა გვჭირდება. ორივე კარგი და ძლიერმოქმედი საშუალებაა მნიშვნელოვანის შესაქმნელად. წერა კარგი რამეა, დაგროვებული ემოციის წამიერ ამოხეთქვას ასახავს, რომელიც იმდენად ნამდვილი და შეულამაზებელია, რომ შეიძლება საშიშიც კი გახდეს. ბლოგის წერა ემოციების არქონის გამო დავიწყე. იმ ემოციების, რომლებიც იმდენად იყო გამქრალი, რომ ვორდის ფაილი ერთი კვირა მქონდა გახსნილი და ერთ აბზაცზე მეტს ვეღარ ვწერდი. იმიტომ კი არა რომ სათქმელი არაფერი მქონდა, პირიქით, იმდენი სათქმელი მქონდა დაგროვებული, თავს ვერ ვუყრიდი. წერა კიდევ იმ ადამიანების გამო დავიწყე, რომლებიც ჩემგან მუდმივად რაღას ელიან, ახალსა და განსაკუთრებულს.
მე ვიყავი განსაკუთრებული და მისაბაძი იმდენად, რომ ხიბლში ჩავვარდი. იმდენად მომწონდა საკუთარი თავი რომ ყველაზე ძვირფასი რაც გამაჩნდა დავამსხვრიე. დავამსხვრიე მხოლოდ იმ იმედით რომ უკეთესი მექნებოდა. ადამიანის სწრაფვას წარმატებისაკენ მასშტაბები არ აქვს. რაც მეტს იღებ მით უფრო მეტის კეთების სურვილი გიჩნდება და ასე კლავ ყველაფერს შენ გარშემო რაც ღირებული და მნიშვნელოვანია. კლავ ადამიანებს და მათაც სხვა გზა არ აქვთ, გარდა იმისა, რომ მოკვდნენ. ამის შემდეგ საკმარისია გაჩერდე, რომ შენ ცხოვრებაში აუცილებლად გამოჩნდებიან ადამიანები, რომელებიც გაგრიყავენ, შენზე უკეთესს აღმოაჩენენ. შენც უხმოდ გაქრები და ისინი ამ სიჩუმით მხოლოდ ცოტა ხნით შეწუხდებიან. გული დაგწყდება და სუნთქვასაც შეაჩერებ, მაგრამ შენ იცი რომ ცხოვრება შენთან ერთად ან მის გარეშე მაინც გაგრძელდება. ამიტომ არცერთ ნაბიჭვარს არ მისცე უფლება იფიქროს, რომ ცხოვრება შენ გარეშეც შეიძლება გაგრძელდეს.
ასე მოხდა ცოტა ხნის წინაც. მორიგი პაუზა გაჩნდა ჩემ ცხოვრებაში, რომელითაც დისკომფორტს მხოლოდ საკუთარ თავს ვუქმნიდი. ვხედავდი როგორ იცვლებოდნენ ადამანები ჩემ გარშემო ან უბრალოდ საკუთარ თავს აჩვენებდნენ იმ მხრიდან, რომელსაც მანამდე არ აჩენდნენ. ამაში არაფერია უცხო და გასაკვირი, ეს ცხოვრების დაუწერელი კანონია. ჰოდა, ეს კანონები დიდი ხანია მივიღე და არც ვბრაზდები, არც მწყინს და საერთოდ არანაირი რეაქცია აღარ მაქვს. ეს არის რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ და რომელსაც უნდა შევეგუოთ. ასეთი პაუზები კარგია ემოციურად გცლის და ახლითა და უცნაურით გავსებს. ყოველთვის ბევრი ლაპარაკი მიყვარდა, მაგრამ საკუთარ თავსა და პრობლემებზე არასდროს. ამ თვისებას ჩემში ვაფასებ და აღფრთოვანებულიც კი ვარ.
ამ მონოლოგით ვიყავი გართული ნენესა და ნაკას სახეები რომ შევნიშნე, რომლებიც ფაქტით შეშფოთებულები ნერვიულად ანაწევრებდნენ თეფშზე დარჩენილი ტორტის ნაჭერს.
რა გინდა? მკითხა ნენემ და ისე მომაშტერდა მივხვდი პასუხს თავს ვერ ავარიდებდი. მე კიდევ ვიჯექი უხმოდ და ზუსტად ვიცოდი რა მინდოდა, მაგრამ ისიც ზუსტად ვიცოდი, რომ ამაზე ლაპარაკი არ მინდოდა. ყველა პასუხს თავს ვარიდებდი და ჩემი უაზრო პასუხებით შეწუხებულები ისეთ დასკვნებს აკეთებდნენ არ ვიცოდი უნდა მეხარხარა თუ ისევ ჩუმად ვმჯდარიყავი. ამიტომ მობილურში ჩავრგე თავი და მხოლოდ მოსმენით შემოვიფარგლე.
იცი შენ ვის ჰგავხარ?! ლიკას, ყველაზე უნებისყოფო და უუნარო ქალს ვისაც კი ვიცნობ. არა, კი არ ჰგავხარ, იმაზე უარესი ხარ. ამაზე გავცეცხლდი, მაგრამ ვცდილობდი თანაბრად მესუნთქა, რომ არ ავფეთქებულიყავი.
არადა, შენი ტვინი რომ მქონდეს, შენი უნარები და ზოგადად შენნაირი ვიყო აქამდე იმდენს მივაღწევდი ტრამპსაც კი შეშურდებოდა ჩემი – წინა ნათქვამი თვითონვე უარყო. იმედი მაქვს ამ ყველაფერს ჩემს „მოსაბრუნებლად“ აკეთებენ, თორემ ამ სცენას კარგი დასასრული არ ექნება.
გესმის, რას გეუბნებით, ისევ რატის სქროლავ ხო?! – მკითხა ნენემ და მობილური წამართვა. ნერვიულობისგან ჯერ იმ ბიჭის პროფაილის სქროლვა დაიწყო შუა რუსთაველზე გაშლილი ქოლგა რომ ურტყა და მერე იმის ოპერის წინ ალუბლის წვენი რომ შეასხა თეთრ პერანგზე. ამ ფონზე დაბნეული ნაკა იმ ბიჭის ნაჩუქარ სამაჯურს ათამაშებდა ბოლო ცხრა წლის მანძილბე ექვსჯერ რომ დაშორდა და შეურიგდა ერთი და იგივე მიზეზის გამო.
სტრესის დროს რა გემართებათ?! ჩვენ ვიცინით, თან ძალიან ბევრს. ამ სტრესის ბოლოც კეთილია და სიცილ-ხარხარში დავიშალეთ.
დივანზე ფეხები შემოვიკეცე, პლედი გადავიხურე და ბენის მეილი გავხსენი, რომელზეც პასუხად მივწერე OK!
ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებში ჩვენ გვერდით მყოფი ადამიანები გვაიძულებენ საკუთარი თავი და სიცოცხლე შევიყვაროთ. ისინი ჩვენი ადამიანები არიან.

ჩვენი ადამიანები

2 thoughts on “ეპიზოდი 12 – ჩვენი ადამიანები

  1. ეს ყველაზე ძალიან მომეწონა!!!
    ეს განსაკუთრებით: ამიტომ არცერთ ნაბიჭვარს არ მისცე უფლება იფიქროს, რომ ცხვორება შენ გარეშეც შეიძლება გაგრძელდეს.

    Liked by 1 person

დატოვე კომენტარი